თამაზ წიკლაური

ყივჩაღის მონოლოგი

მუხრანის ბოლოს წამოვდექ,

ადგილიც მახსოვს მისხლითა.

ხმალო, გამიძეღ, გამოდექ,

გაუმაძრარო სისხლითა!

აი, აქ შემხვდი პირსავსე,

მკლავზე ნაწოლი ლომისა,

ყელ– ყური მთვარეს გიმსგავსე,

ბადახშისა და ბროლისა.

ცოლ-ქმარი შემომეყარეთ,

მავალნი შორი გზისასა,

მე შავ ჯოჯოხეთს შემყარეთ,

ვაი ბედს ყივჩაღისასა!

რა მოხდა თმა ჩაგიშალე,

ის კოცნაც რაღას გიზამდა?!

ისეთი რა დაგიშავე,

ქმარმა რო ხმალი მისართა!

გამრიყეთ გაურიყავი,

ახსოვთ გზათა და მინდორთა,

მაშინ კაი ყმა ვიყავი,

თურქებს რო ვჩეხდი დიდგორთან!

სისხლი ბობოქრობს ველური,

გული როდემდე მტკიოდეს?!

სადა ხართ დავითფერული,

შენი ქმრის თავზე წიოდეს.

ათასი წლის წინ დაღვრილი

სისხლი გავლოკე ქვიშაზე,

მუხრანთან გიცდით დაღლილი,

ვარდის ფურცლობის ნიშანზე!


როდემდე

როდემდე, ნეტა ვიცოდე,

როდემდე უნდა ვღელავდე,

როდემდე უნდა ვიწვოდე

შენს სიყვარულში ყელამდე.

შველა ისევ შენ გეხვეწე,

ლექსებს გიწერდი ჩემეულს,

ვერ გთმობ, ვერ გადავეხვეწე

შენს მზერას, ღიმილ შერეულს.

ისევ მოლოდინს დავენდე.

გული შენ ნახვას არ იშლის.

დამაცა შუაღამემდე,

ფრთები მოვისხა ქარიშხლის.

აემ გზას შენსკენ მოვყევარ,

არყოფნის ზღვართან მისული.

თვალად მგლისფერი მოყმე ვარ,

სიკვდილთან ძმადშეფიცული.

განა ისე ვთქვი რაიმე,

განა ტყუილად ვდიდგულობ?

მე კაცი მერქვას, ვაიმე!

შენ სხვის მკლავებში გიგულო.

ვაითუ შენაც გამწირო,

ოი, რა ღმერთი მიწყრების.

ქალავ ამ გულის ნაწილო,

მიზეზო თავდავიწყების.

ვიდრე გრიგალი დანისლავს

ზეცის მიბნედილ ლაჟვარდებს.

მოვალ შავშულაღამისა,

დაგკარგავ გარიჟრაჟამდე.

წაგიყვან, ხატად გირწმუნებ.

უშენოდ ხრამში ვვარდები.

მერე შენც ვერ დამიწუნებ,

მერე შენც შეგიყვარდები.


ჩამოსხდებიან დაიდგამენ პატარა ტაბლას.
ჩამორიგდება ყანწები და ვერცხლის სურები.
ისაუბრებენ უფრო წყნარად, უფრო ხმადაბლა;
უიარაღო და უაბჯრო ბრგე ხევსურები.

შემოივლიან საქართველოს მთა ბარს ერთიანს,
სძულთ გულღრძო კაცი სხვისა ნიღაბს შეფარებული.
ყველა ხევსური მიწიერი მამაღმერთია;
დაბადებიდან სამშობლოზე შეყვარებული!

მოიგონებენ ვისი თავიც არ მოსწყენიათ
ვინც მამაცურად იდგა თავის ქვეყნის კუთხეზე,
მოიგონებენ ვინმე ჯურხას ვინმე ბეწინას
და მერე სიკვდილ შიგ თვალებში შეაფურთხებენ.

თამაზ წიკლაური